მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით უმრავლესობაში ეხმაურებიან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ამბობს, რომ სააკაშვილმა ქვეყანაში ჩამოსვლა უკვე მეთექვსმეტედ დააანონსა.
"ცოტა რთულია იმ ქონების და იმ საკუთრების დატოვება, რაც თუნდაც უკრაინაში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გააჩნია, მაგრამ მეორეს მხრივ, თემა, რომ სხვისი ხელით, როგორც თვითონ ამბობს "ხელი გაანძრიეთ და ჩამოვალ" ეს არის მთავარი ფორმულა, რომელსაც გვთავაზობს. მე არ მინდა სარკასტული განცხადება გავაკეთო, მაგრამ ერთი კი მინდა ვთქვა, სამწუხაროა, რომ დღეს სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც სუფევს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წარსულია.
"სააკაშვილი ეს არის ამ ქვეყნის წარსული, სააკაშვილი არის გაკოტრებული და არაადეკვატური უკრაინის მოქალაქე, რომელიც უკვე თავისი ქვეყნის ელჩებსაც კი ერჩის. მე როდის დავპირდი ხალხს ჩამოსვლასო, კონკრეტული თარიღი არ მითქვამსო და არა და გვახსოვს, ხან ზღვით, ხან გვირაბით, ხან არჩევნების მერე, ხან საახალწლოდ, ხან ძველით ახალ წელს, სულ ეუბნება თარიღებს, რომ ჩამოვალ, ჩამოვალ...
ახლა რომ ჩამოვიდეს, ჩვეულებრივი პროცედურა არის, მისჯილი აქვს და გადავა შესაბამის დაწესებულებაში," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას კონკრეტული თარიღი საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით არასდროს დაუსახელებია.