ოპოზიციაში საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მიესალმებიან. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ თუ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობას სჭირდება "ნაციონალური მოძრაობა", ე.ი. მისი დამფუძნებელი და მთავარი ლიდერიც სჭირდება.
"მიხეილ სააკაშვილი არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი და მთავარი ლიდერი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თუ სჭირდება ამ საპროტესტო მოძრაობას ე.ი. მიხეილ სააკაშვილი სჭირდება, ბუნებრივია. საჭიროება ყოველთვის არის, ჩემი აზრით, მაგრამ ის თავად გადაწყვეტს, როდის არის მიზანშეწონილი," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა კი მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველას ადგილი მოიპოვება.
"მე ყოველთვის ვიყავი და ვარ მომხრე, რომ ამ ქვეყანაში ყველას ადგილი მოიპოვება. მთავარია, იყოს საარჩევნო სისტემა თავისუფალი, კონკურენტული, ყველა დაეჭიდოს ყველას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები არავის მისცემენ ერთპიროვნულ ძალაუფლებას, იქნება კოალიცია, რომელიც ერთადერთი გარანტიაა, რომ ხვალ მე, ზეგ კი -თქვენ თავს არ გავალთ და ძალაუფლების უზურპაციას არ გავაკეთებთ," - აცხადებს გიგი უგულავა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და სააკაშვილმა, როგორიც მას უნდა, ისეთი უნდა მიიღოს.
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მის გარეშეც შევძლებთ შეთანხმებების მიღწევას და ძალიან ბევრ გამარჯვებას. თუ უნდა, რომ თანამონაწილე იყოს - მიიღოს ეს გადაწყვეტილება, თუ არ უნდა - თვითონ ჩამოყალიბდეს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას კონკრეტული თარიღი საქართველოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით არასდროს დაუსახელებია.