GAU-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს, ორგანიზაცია "პარტნიორები საქართველოს" დირექტორ სოფო შუბლაძეს ოჯახი და მეგობრები ემშვიდობებიან. ენერგიული, სიცოცხლით სავსე და უსაზღვროდ მზრუნველი - ასეთი იყო სოფო შუბლაძის გზა 49 წლის ასაკამდე.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში არ წყდებოდა სოფოს მეგობრების პოსტები.
მეგობრების მოგონებები:
ეკატერინე ტოგონიძე - "გათენდა და არ ყოფილა სიზმარი. სოფო არ არის, მზეა... ვიცი, ამ დროს როგორც წვავს ისედაც გაგლეჯილ გულს კარგი ამინდი. სოფოს ამინდი სოფოს გარეშე..."
დავით ნიკურაძე - მე არ ვიცნობ მეორე ადამიანს, რომელიც უმნიშვნელო პრობლემის დროსაც კი შენთან არის და გპატრონობს. წამსვე გვერდით ჩნდებოდა, მაშინვე ზრუნვას იწყებდა.
ნიკოლოზ რაჭველი: "როგორ მეგონა, რომ დაგვიბრუნდებოდი, როგორ მეგონა რომ დიდ ხანს გვეყოლებოდი, როგორ მეგონა რომ გავიმარჯვებდით..."
ნიკა გვარამია: "სოფო შუბლაძე გარდაცვლილა, ახლა გავიგე. ყველაფერი მეწვის, ისე მეტკინა და მეწყინა ეს საშინელი ამბავი. ეს უკეთილესი და ძალიან ნიჭიერი, დიდი ენერგეტიკის ადამიანი, როგორ წავიდა ამ ქვეყნიდან და დაგვტოვა, ვერც კი ვიჯერებ ამ უდიდეს უსამართლობას..."
ნანუკა ჟორჟოლიანი: "დაუჯერებელია! ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს სიცოცხლე როგორც სოფოს უყვარდა..."
ინგა გრიგოლია: "ისე მედარდება,ისე მეტირება ამ უსაყვარლეს გოგოზე.ისეთი უსამართლობაა მისი წასვლა, სიცოცხლით სავსე გოგო. კეთილი გოგო"
მაიკო ლომიძე: "როგორი თავზარდამცემია ისეთი ადამიანის სიკვდილი, რომელშიც ამდენი სიცოცხლე იყო. მშვიდობით, სოფო!"
თინა ხიდაშელი: "განადგურებული ვარ, ასე ვარსკვლავივით გაფრინდი ცაში! თავადაც ამ სარეცელს მიჯაჭვული მთელი დღე შენზე ვფიქრობ ..."
სოფო შუბლაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ჟურნალისტ ნინო შუბლაძის და არის.
ნინო შუბლაძე: - "უსამართლობის ზეიმია! არა, უსამართლობის დღესასწაული!!!
სოფო შუბლაძე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორები საქართველოს" დირექტორი და ტრენერი იყო. 1996 წლიდან მუშაობდა კონფლიქტების მართვის, ინტერაქციული სწავლებისა და მოზრდილთა განათლების სფეროში. მიღებული ჰქონდა პრესტონის უნივერსიტეტის მაგისტრის წოდება ადამიანური რესურსების მართვაში.