სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის ანგარიშში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც მოხვდა, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკური გარემო აუცილებლად აისახება პოსტპანდემიურ პერიოდში, საინვესტიციო გარემოზე. ამიტომ მნიშვნელოვანია სტაბილურობა ქვეყანაში.
Fitch-ის შემდეგ, ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელი დატოვა კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ. S&P Global-ის ანგარიშით, რეიტინგი უცვლელია, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 2021 წელს 4 % იქნება, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია რეგიონში.
S&P Global-ის მონაცემებს არაერთგვაროვნად აფასებენ ეკონომისტები. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ საკრედიტო რეიტინგის BB დონეზე შენარჩუნება ეკონომიკური პროცესების სტაგნაციაზე მიუთითებს. მეორე ნაწილის აზრით, კი საქართველოს მაჩვენებლის უცვლელად დატოვება, იმ ფონზე, როდესაც რეგიონის ქვეყნების მაჩვენებლები გაუარესდა, პოზიტიური მოვლენაა. რაც შეეხება 2021 წლის ეკონომიკური ზრდის 4 %-იან პროგნოზს - ანალიტიკოსების აზრით ეს მეტწილად პანდემიის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული.
საკრედიტო რეიტინგის უცვლელობას ნეგატიურ მოვლენას უწოდებს ოპოზიცია. ოპონენტების თქმით, მმართველმა გუნდმა კოვიდის პირობებში ეკონომიკის ეფექტური მართვა ვერ შეძლო. რასაც მათივე განცხადებით გასული თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის -11%-მდე შემცირებაც ადასტურებს.
კრიტიკას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ქვეყანაში ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენით იქნება შესაძლებელი, რისთვისაც ხელისუფლება უკვე აქტიურად ემზადება. რაც შეეხება საფრთხეებს, ოცნებაში საინვესტიციო მიმზიდველობისთვის მთავარ გამოწვევად პოლიტიკურ სტაბილურობას მიიჩნევენ, რაც მათი თქმით ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს უკავშირდება.