საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს, ლევან თაქთაქიშვილს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის, ღირსების ორდენი გადასცა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლევან თაქთაქიშვილს ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის რომ დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველასთვის ხელმისაწვდომია ემიგრაციის შემოქმედება - ლიტერატურა, ფოტომასალა და ისტორია, რომლის დაბრუნებაც ძალიან ხანგრძლივი და რთული საქმე იყო, სწორედ ლევან თაქთაქიშვილის დამსახურებაა და ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ.
"ის, რომ საქართველოში ისტორიული დოკუმენტაცია დაბრუნდა, სწორედ იმის ნიშანია, რომ ჩვენ არ ვეგუებით, არ ვეგუებით ოკუპაციას და არ ვთმობთ არაფერს. ამის ნაწილია ლევან თაქთაქიშვილი, რაც ძალიან დიდი პატრიოტული საქმეა.
ამისთვის მე მინდა, მთელი ემიგრაციის სახელით დიდი მადლობა მოგახსენოთ და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გითხრათ, რომ ძალიან მადლიერი და ამაყი ვარ," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.