19 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
სინოდის წევრები სინოდალური კომისიის მოლოდინში არიან - მაღალი იერარქების თქმით, სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება

სინოდის წევრები სინოდალური კომისიის მოლოდინში არიან. მაღალი იერარქები ამბობენ, რომ სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება. ეპისკოპოსები არ აკონკრეტებენ, რომელ მღვდელმთავრებს მოუწევთ მეუფე პეტრესა და მიტროპოლიტ ზენონის მოსმენა.

ამ ორ ეპისკოპოსთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავებულია, თუმცა ყველა თანხმდება, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიიღონ, რაც ორივე პირს მოუსმენენ და პოზიციებს გაიგებენ.

"მართალია რაც ილაპარაკა მართალი არ არის, მაგრამ მე ვპატიობ მას და ველოდები მის დაბრუნებას. ეკლესია არ განკვეთს იმას, ვისაც უნდა ეკლესიის წიაღში იყოს. ფიქსაცია ხდება ეკლესიაში, რომ ამ ადამიანმა უარი თქვა ეკლესიაზე და არ შეისმენს არანაირ სიტყვას ეკლესიის მხრიდან. ეს მისი არჩევანია, გადასაწყვეტი, მაგრამ ჩვენ არ ვურჩევთ, არ ვისურვებთ, რომ მან ეს არჩევანი გააკეთოს," - აცხადებს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ (ფაჩუაშვილი) აცხადებს, რომ სინოდალური კომისია როდის შეხვდება მეუფე პეტრესა და მიტროპოლიტ ზენონს ეს კომისიის შიდა სამუშაოა.

"ეს ორი კომისია, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა ამ ორი სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული ვითარების შესასწავლად. მუშაობს ეს კომისია და როდის შეხვდება მეუფე პეტრეს, ან მეუფე ზენონს, ოღონდ განსხვავებული საკითხებია ვიმეორებ, ეს კომისიის შიდა სამუშაოა და მუშაობს კომისია. რა თქმა უნდა მათ პირადად, რომელ საკითხსაც იკვლევენ, პირადად გაესაუბრებიან, შეხვდებიან," - აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).

დღის ამბები