14 სექტემბერი 2026,   01:43
ვრცლად
რა ბედი ელის ქართულ რაგბის არჩევნების შემდეგ - ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები სამართლებრივ ბრძოლას გეგმავენ

რა ბედი ელის ქართულ რაგბის არჩევნების შემდეგ - ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე ჩატარებული პროცესის შემდეგ, არჩევნებში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი და შესაბამისად გამარჯვებული სოსო ტყემალაძე ახლა რეესტრის გადაწყვეტილებას ელოდება, რის შემდეგაც უკვე ოფიციალურად აპირებს რაგბის კავშირის პრეზიდენტის უფლებამოსილებას შეუდგეს.

სამართლებრივ ბრძოლას გეგმავენ ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები, რომლებიც გუშინ ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ. აბუსერიძემ არჩევნებში დეკემბერში გაიმარჯვა, თუმცა მის რეგისტრაციაზე რეესტრმა უარი თქვა.

ვეტერანი მორაგბე პალიკო ჯიმშელაძე აცხადებს, რომ არსებობს იურიდიული მომენტები, რომლებიც იყო დარღვეული.

"წარმოუდგენელია, თავი გუშინ ზღაპარში მეგონა, ისეთი მდგომარეობა იყო. თურმე ზღაპრებში დარჩა სიმართლე და სამართალი. არის იურიდიული მომენტები, რომელიც იქნა დარღვეული, მაგრამ ჩვენ ეს ნაბიჯი მაინც გადავდგით, იურიდიული მხარე ბოლომდე ვეცდებით, რომ გავიტანოთ, რისი იმედიც ძალიან ცოტა გვაქვს, იმიტომ, რომ ყველაფერი მათ ხელში არის," – აცხადებს პალიკო ჯიმშელაძე.

ვეტერანი მორაგბის, ილო ზედგინიძის თქმით, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებს აქვთ იმედი, რომ სამართლებრივი და საზოგადოებრივი ზეწოლით სიმართლეს მიაღწევენ.

"იურიდიული გზა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში არ არის, შეიძლება უფრო მაღლაც წავიდეს და ამიტომაც ვეცდებით, რომ ამ გზით ვიმუშაოთ, გვაქვს ასევე იმედი, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერით, ყველაფრის ნათლად ჩვენებით, შევძლებთ ზეწოლას სამართლებრივ და საზოგადოებრივ ზეწოლას, მივაღწევთ ჩვენს სიმართლეს," - აცხადებს ილო ზედგინიძე.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები