პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხზე თემატურ მოკვლევას იწყებს, რისი მიზანიც ახალგაზრდების დასაქმების ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება; ახალგაზრდებისთვის მეწარმეობის წამახალისებელი პროგრამების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება; შესაბამისი დარგობრივი უწყებების მიზნობრივი პროგრამების ეფექტიანობის შეფასება, გამოწვევების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავებაა.
"ჩვენი კომიტეტის ინიციატივით ჩატარდება თემატური მოკვლევა და მოხდება შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მოთხოვნადი უნარების პროფესიების შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმის ნაკლოვანებების შეფასება და აღნიშნულის გაუმჯობესებისთვის ღონისძიებების განსაზღვრა.
ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის შევიმუშავებთ რეკომენდაციებს და საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში განვახორციელებთ სახელმწიფო უწყებებისა და სამინისტროების მიერ ამ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს," - განაცხადა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.
თემატური მოკვლევის ჯგუფს დეპუტატი თამარ ტალიაშვილი უხელმძღვანელებს. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თამარ ტალიშვილის განცხადებით, მოკვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ მიზნობრივი პროგრამების კოორდინაციის ეფექტიანობის შეფასება იქნება.
"ჩვენ განვახორციელებთ ყველა ამ სფეროში სახელმწიფო ადგილობრივი და ცენტრალური უწყებების სამინისტროების მიზნობრივი პროგრამების შეფასებას, ასევე გამოწვევების იდენტიფიცირებას. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ამ მიზნობრივი პროგრამების კოორდინაციის ეფექტიანობის შეფასება," - აცხადებს თამარ ტალიშვილი.