17 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ვანო მერაბიშვილის საქმეს ეხმაურება

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისა და პატიმარზე ზეწოლის ეპიზოდის არაეფექტური გამოძიების გამო საქართველოს პასუხისმგებელ უწყებებს აკრიტიკებს.

6-პუნქტიან შენიშვნათა ჩამონათვალს ყოფილი პრემიერი სოციალურ ქსელში თავადვე აქვეყნებს. მინისტრთა საბჭოს წევრებმა დაადგინეს, რომ ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის ვადა დაუსაბუთებელი იყო, და შესაძლოა ეს პერიოდი საგამოძიებო უწყებამ ყოფილი პრემიერისგან სასურველი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის საქმის განხილვას 2021 წლის სექტემბრამდე აღარ დაუბრუნდება. ამის შესახებ კი ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2021 წლის 9-11 მარტის სხდომაზე ივანე მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა.

"ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2021 წლის 9-11 მარტის სხდომაზე ივანე მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა.

კომიტეტის ზედამხედველობა შეეხება მერაბიშვილის საქმის მხოლოდ ერთ ასპექტს – საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდს. ყველა სხვა ასპექტი (მისი დაკავებისა და პატიმრობის კანონიერება) დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ 2018 წლიდანაა მოხსნილი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომიტეტმა გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ ივანე მერაბიშვილს სასჯელი ბოლომდე უნდა მოეხადა და არ არსებობდა ციხიდან ვადაზე ადრე გამოსვლის რაიმე საფუძველი.

2021 წლის მარტის სხდომაზე მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა, უზრუნველყოს საგამოძიებო ღონისძიებების ამომწურავად ჩატარება და სარწმუნო დასკვნების მიღება. კომიტეტის მიერ მოწონებულ იქნა ქართული მხარის ინიციატივა გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის თაობაზე, რაზეც კონსულტაციები გაიმართება მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან.

კომიტეტის შეფასებით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს და 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს დაეფუძნოს რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს პროკურატურის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, დამოუკიდებლობისა და  ეფექტურობის გაზრდას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ივანე მერაბიშვილის საქმის განხილვას 2021 წლის სექტემბრამდე აღარ დაუბრუნდება.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ივანე მერაბიშვილის საქმე 2017 წლის ნოემბერში განიხილა და დარღვევა მხოლოდ ერთ ნაწილში − საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდში დაადგინა. მერაბიშვილის პატიმრობა დიდმა პალატამ კანონიერად მიიჩნია. მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით იკრიბება წელიწადში ოთხჯერ − მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში,"- წერია იუსტიციის განცხადებაში.

ვანო მერაბიშვილის საქმესთან გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის საქმის გარკვეულ ეპიზოდზე, რაც მისი საკნიდან გაყვანას ეხება, არსებობს ინტერესი, შესაბამისად იუსტიციის სამინისტრომ მიმართა ევროსტრუქტურებს, რომ ექსპერტის ჩართულობით მოხდეს ამ საკითხთან დაბრუნება:

"ევროსასამართლომ თავის დროზე განაცხადა, რომ სასჯელი და პატიმრობა არის აბსოლუტურად კანონიერი. იქ საუბარი იყო გარკვეულ ეპიზოდზე, მოხდა თუ არა მისი გაყვანა საკნიდან. ამასთან დაკავშირებით ჩატარდა გამოძიება, მაგრამ იმის გამო, რომ არის ამასთან დაკავშირებით ინტერესი, იუსტიციის სამინისტრომ მიმართა ევროსტრუქტურებს, რომ ექსპერტის ჩართულობით მოხდეს ამ საკითხთან დაბრუნება, აქ არაფერი არ არის ისეთი რასთან დაკავშირებითაც ჩვენ არ გაგვაჩნია პოზიცია, რომ ვითანამშრომლოთ ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები