"კურიერი" ნინოწმინდაში იმ ფერმის ტერიტორიაზე მდებარე პატარა ქოხში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის 3 მოქალაქე 4 წელი ცხოვრობდა. სამივე მათგანი ტრეფიკინგის მსხვერპლია.
ოფიციალური ინფორმაციით, გაუსაძლის პირობებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მამა-შვილი ამუშავებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ წლების განმვალობაში დაზარალებულები ანაზღაურების გარეშე მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ, უზღუდავდნენ გადაადგილებას, მათ მოქმედებებს გარე სათვალთვალო კამერების საშუალებით აკონტროლებდნენ, ჩამორთმეული ჰქონდათ საბუთებიც.
სამი პირის მიმართ ტრეფიკინგის ბრალდებით მამა-შვილი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურები ადამიანებით ვაჭრობის სავარაუდო შემთხვევით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ერთ–ერთმა მსხვერპლმა ფერმიდან გაქცევა მოახერხა. ახალგაზრდა მამაკაცი საზღვრის გადაკვეთას საბუთების გარეშე შეეცადა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.
გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხებიან მოწმეები, არ არის გამორიცხული, დაზარალებულის სტატუსი სხვა პირებსაც მიენიჭოთ.
საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და დაკავებულების პოზიციაზე ჯერჯერობით არ საუბრობს მათი ინტერესების დამცველი. "კურიერმა" მასთან დაკავშირება არაერთხელ სცადა, თუმცა ადვოკატს კომენტარის გაკეთება მანამდე არ სურს, სანამ მასალებს სრულად არ გაეცნობა.
სომხეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე რომ ფერმაში მუშაობდა და ცხოვრობდა, იციან ნინოწმინდაშიც, თუმცა ბრალდებები მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ადგილობრივები "კურიერთან" ყვებიან, რომ დაზარალებულებს არავინ არაფერს აიძულებდა, მუშაობდნენ საკუთარი სურვილით და ამაში ხელფასსაც იღებდნენ.