19 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
პოლიციამ გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ გორში წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა. 2001 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.

დანაშაულები 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები