მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გამოთხოვილი სამედიცინო მონაცემებით გაირკვა, რომ 27 წლის ექთანს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.
თუმცა კორონავირუსზე ჩატარებული PCR ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.
ახლა ლუგარის ლაბორატორია გარდაცვლილი ექთნის სისხლის ნიმუშს იკვლევს.
27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეში ასევე 4 მოწმე გამოჩნდა, ვინც იცის მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აცრამდე და რა დახმარება გაეწია ვაქცინაციის შემდეგ.
საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ახალციხეში ერთდროულად მიმდინარეობს. კლინიკა "იმედის" დირექტორი, რომელმაც ერთხელ უკვე ითანამშრომლა საგამოძიებო უწყებასთან, ამბობს, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
გარდაცვლილი ექთნის ოჯახის წევრებს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაუგროვდათ. ისინი ელოდებიან მედიკოსის სამედიცინო ისტორიის სრულყოფილ მონაცემს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებს და ითხოვენ ობიექტურად წარიმართოს გამოძიება.