ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო. როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული ფერდისთვის პირვანდელი, ბუნებრივი მდგომარეობის დაბრუნებას გულისხმობს.
"როგორც იცით, წინა კვირაში გაიმართა სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც ჩართული ექსპერტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გარკვეული გადაწყვეტილებები, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ის, რომ ამ ფერდს ბუნებრივი, პირვანდელი მდგომარეობა დაბრუნებოდა, რაც გულისხმობს, კონკრეტული კვლევების საფუძველზე, გარკვეული მოცულობის მიწის მასით შევსებას. ეს კიდევ უფრო მეტ წინაღობას შეუქმნის ამ მცოცავ მეწყერს და იქნება გარკვეული პრევენცია, რომ უეცრად არ მოწყდეს ეს მასა," - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. მისივე თქმით, ამის შემდგომ იგეგმება სხვა ღონისძიებები.
"სწორედ ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი უშუალოდ მეწყრულ არეალში დროებითი გზების გაყვანა და კონკრეტული სამუშაოების წარმოება. ასევე, როგორც უკვე ვუთხარით მოსახლეობას, ამ კვირის ბოლოს მეწყერსაშიშ ადგილსა და მიმდებარე არეალში დამონტაჟდება მონიტორინგის სპეციალური სისტემა, რომლის საშუალებითაც გვექნება მეტად დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით." - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.