19 დეკემბერი 2024,   04:23
ვრცლად
ვწუხვარ, რომ მხოლოდ ამნისტიაა მელიას გათავისუფლების გზა და სხვა გზა აღარ არსებობს - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების პროცესი შეაჯამა და განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი ოპოზიციის მხრიდან ამუშავებს ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც ვრცელდება მხოლოდ იმ საქმეებზე, რომელიც ამჟამად გამოძიებაშია.

"ის სპეკულაციები, რომ ეს მომავალში ვიღაცაზე გავრცელდება, ერთხელ და სამუდამოდ დახურულია. ეს კანონპროექტი, ყველაზე გვიან, სამშაბათს უნდა დარეგისტრირდეს პარლამენტში და მე იმედი მაქვს, რომ "ქართული ოცნება" დაადასტურებს, რომ ხელს მოაწერს ამ ინიციატივას. როგორც კი სამშაბათს მოხდება ამ პროცესის რეალიზება, ქალბატონმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის გამოიყენებს შეწყალების პროცედურას და გიორგი რურუა დატოვებს საპატიმროს სამშაბათს. ამის შემდგომ, შესაძლებლად მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში პარლამენტი მიიღებს ამნისტიის შესახებ კანონს, რის შემდეგაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ვწუხვარ, რომ მხოლოდ ეს გზაა მისი გათავისუფლების და სხვა გზა დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს.

აქვე, მინდა გულწრფელად სრული თანადგომა გამოვუცხადო მაკო გომურს და ყველა იმ ადამიანს, ვინც 20 ივნისს დაზარალდა და გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ბოლომდე თქვენ გვერდით ვიქნებით და ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრ საკითხს მივიყვანთ ბოლომდე და შევეცდებით, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული თქვენი ინტერესები.

მინდა მივმართო საზოგადოებას, იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, იძულებით საქართველომ შეძლო და გამოვიდა, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ და მთავარი აქცენტი უნდა გადავიტანოთ სწრაფ იმპლემენტაციაზე,"- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები