20 აპრილი 2024,   04:00
ვრცლად
"არ არის გამორიცხული, თავშესაფარი ვთხოვოთ ნებისმიერ სახელმწიფოს, თუნდაც დე ფაქტო ცხინვალს" - ზაზა გახელაძის ოჯახი აქციებს აანონსებს

სუს-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ოკუპანტების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდა. ირაკლი ანთაძე სოფელ ქვემო ჭალაში ერგნეთში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩავიდა, მისი თქმით, უწყება გახელაძის გათავისუფლებისთვის ყველაფერს აკეთებს.

გახელაძე უკვე 9 თვეა დაკავებულია. მას ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის გამო 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

9-თვიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ ოჯახი ამბობს, რომ ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ. ისინი საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს გეგმავენ და კიდევ ერთხელ სთხოვენ დახმარებას უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებაში. იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს პერიოდში შედეგი არ იქნება,არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავენ.

"არ ვაპირებთ გაჩერებას, დავაანონსებთ გარეთ გასვლას და არ გამოვრიცხავთ აქციებსაც. ვგეგმავ, რომ შევხვდე, თუნდაც, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, არასამთავრობოებს, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს და ვთხოვო დახმარება უკანასკნელად. გავივლით ყველა ინსტანციას და არ არის გამორიცხული, რომ თავშესაფარიც ვთხოვოთ ნებისმიერ სახელმწიფოს, თუნდაც დე ფაქტო ცხინვალს," - განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზმა.

ზაზა გახელაძის დედის თქმით, მათ ხელისუფლებისგან მხოლოდ დაპირებები მიიღეს. ნანა ბუნტურის განცხადებით, მათ აქციების გარდა სხვა გზა არ დარჩათ.

დღის ამბები