თბილისის მერია კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის კონცეფციის შემუშავების საკითხზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის დაწყება დაავალა.
როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქში მწვანე სივრცეების შექმნასა და არსებულის მოვლა-პატრონობას დიდი ყურადღება ეთმობა.
"კუს ტბის განვითარების ხედვის ახალი კონცეფცია დაფუძნებული უნდა იყოს საარქივო მასალებზე და გასული საუკუნის ბოლოს შემუშავებული, ვაკის პარკისა და კუს ტბის კომპლექსური განვითარების პროექტზე.
თავის მხრივ, ეს პროექტი დამყარებული იყო მრავალწლიან კვლევებზე და მასში ჩართულები იყვნენ დარგის მოწინავე პროფესიონალები, სპეციალისტები.
შესაბამისად, მასთან მაქსიმალური დაახლოება და სამწუხაროდ, წლების განმავლობაში დაშვებული შეუსაბამო ცვლილებებისა და შეცდომების გამოსწორება აუცილებელია ქალაქის ამ უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული არეალის გაჯანსაღებისთვის," - განაცხადა დედაქალაქის მერმა.