25 აპრილი 2024,   12:20
ვრცლად
"დღეს ჟანგბადის უკმარისობით 6 ადამიანი დაგვეღუპა" - ინდოეთში დღიური ინფიცირების მაჩვენებელი ნახევარ მილიონს მიუახლოვდა

კორონავირუსის ახალი შტამის გამო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია ინდოეთი. ყოველდღიურად იმატებს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი. ქვეყანაში, სადაც დღეს 402 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 500 ადამიანი გარდაიცვალა, მოქალაქეები უჟანგბადობით იღუპებიან.

"იმის მიუხედავად, რომ ჟანგბადის ნაკლებობაა, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ვერც კი წარმომიდგენია, რა შეიძლება მოხდეს. მთავრობისგან ვითხოვთ ჟანგბადით მომარაგებას. მხოლოდ დღეს, ჟანგბადის უკმარისობით, 6 ადამიანი დაგვეღუპა" - ამბობს ინდოელი ექიმი. 

ვირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე, ინდოეთიდან მოგზაურების მიღებას ზღუდავს ამერიკა. გადაწყვეტილება შტატებში მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ახსნეს. ამერიკაში დღეს კორონავირუსით კიდევ 784 ადამიანი გარდაიცვალა.

კრიტიკული ვითარებაა ბრაზილიაშიც. ქვეყანა სადაც დღეს კორონავირუსის 73 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3000 ადამიანი გარდაიცვალა, სხვა სახელმწიფოებს ვაქცინით დახმარებას სთხოვს.

კორონავირუსის მორიგი პიკის საფრთხის წინაშეა თურქეთიც. ქვეყნის მთავრობამ ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო, თითქმის სამკვირიანი სრული ლოკდაუნი გამოაცხადა. თურქეთში ბოლო დღე-ღამეში 32 000 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა კიდევ 394 ადამიანი.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 152 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. უხილავ მტერს 3 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები