კორონავირუსით, ახლად ნამშობიარები ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ - ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მედიასთან დეტალებზე ისაუბრა.
ალექსი ვაჩაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში სუნთქვის უკმარისობით 19 აპრილს შეიყვანეს. პაციენტი 29-30 კვირის ორსული იყო.
ექიმის განმარტებით, ის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის გართულების შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ალექსი ვაჩაძის თქმით, რამდენიმე დღეში ნაყოფის მდგომარეობაც გართულდა, რის გამოც გინეკოლოგებმა სასწრაფო საკეისრო კვეთის გადაწყვეტილება მიიღეს. ექიმებმა ვერც 34 წლის ქალის და ვერც ახალშობილის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
"გოგონა იყო 34 წლის, 29-30 კვირის ფეხმძიმე, როდესაც 19 აპრილს მომართა ბოკერიას კლინიკას უკვე დადასტურებული კოვიდინფექციით. მას ჰქონდა ძალიან სერიოზული კოვიდინფექცია, გართულებული კოვიდინფექცია იყო, საკმაოდ რთული ფორმის, ფილტვის სერიოზული გართულებები ჰქონდა. შეინიშნა ნაყოფის სასიცოცხლო მაჩვენებლების გაუარესება და აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაეკეთებინათ სასწრაფო გადაუდებელი საკეისრო კვეთა," - განაცხადა ექიმმა.
ცნობისთვის, 34 წლის ქალმა ნაადრევად იმშობიარა, ბავშვი 4 მაისს დაიღუპა. დედა კი გუშინ გარდაიცვალა.