"ლიბერთი ბანკის" ბათუმის ფილიალიდან 3 მილიონ ლარზე მეტი გაქრა - ეჭვი ფილიალის 9 თანამშრომელზეა, რომლებიც, სავარაუდოდ, ბოლო 5 წლის განმავლობაში ფინანსური ორგანიზაციის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს დოკუმენტების გაყალბების გზით ეუფლებოდნენ. ქვეყანაში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღლითური სქემა ბათუმში გაიშიფრა.
საგამოძიებო უწყება არ აკონკრეტებს, თუმცა "კურიერმა" დაადგინა ამ საქმის მთავარი ფიგურანტის, ბანკის ყოფილი მენეჯერის ვინაობა. ის ბათუმში მცხოვრები რენატ გალატალია. არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი არ სურთ.
სავარაუდო ეჭვმიტანილებიდან უმეტესობა ხელს სწორედ ფილიალის მენეჯერს ადებს. ამბობენ, რომ თანხის მითვისების საქმის დეტალები არ იციან და მხოლოდ ხელმძღვანელის დავალებებს ასრულებდნენ.
ეჭვმიტანილებს უკვე ჰყავთ ადვოკატიც. იურისტი, რომელიც ბანკის 4 თანამშრომლის ინტერესს იცავს, არ გამორიცხავს, რომ საქმეში უმაღლესი მენეჯმენტის პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს.
მილიონობით ლარის მითვისების ფაქტი "ლიბერთი ბანკმა" თავად აღმოაჩინა. ფინანსურმა ორგანიზაციამ სასამართლოს მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით უკვე მიმართა. ბანკის იურისტები ყოფილი თანამშრომლებისგან თანხების დაბრუნებას ითხოვენ.
დიდი ოდენობით თანხების სავარაუდო მითვისების საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.
უწყებაში "კურიერს" განუცხადეს, რომ მათ საკითხის შესწავლა "ლიბერთი ბანკის" მიმართვის საფუძველზე დაიწყეს. ფაქტს დედაქალაქიდან ჩასული გამომძიებლები კურირებენ. საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.