ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით - "კურიერთან" 29 წლის ქალი ჰყვება, როგორ ძალადობდა მასზე საკუთარი მეუღლე ოთხი წლის მანძილზე.
ქალი ამბობს, რომ მისი მეუღლე ყოველდღიურად სვამდა, რამაც ძალადობის ფორმები გაამძაფრა.
წყვილს ერთი შვილი ჰყავს. ბავშვი 4 წელი ოჯახური ძალადობისა და მუდმივი დაძაბულობის ფონზე იზრდებოდა. დედის ჩაგვრის ყოველდღიური ყურება, კი მის მენტალურ ჯანმრთელობაზე აისახა.
მსხვერპლმა მოძალადეს თავი პოლიციის დახმარებით დააღწია. გამოწერეს შემაკავებელი ორდერიც. მას შემდეგ კი, რაც ყოფილმა ცოლმა მუქარის ამსახველი მესიჯები მიიღო, სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს. თუმცა სასამართლომ 36 წლის გუჯა როხვაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სავარაუდო მოძალადეს ჰყავს ადვოკატიც. იურისტი, რომელიც მამაკაცის ინტერესებს იცავს "კურიერთან" არ საუბრობს. ბრალდებულს კი კითხვებზე პასუხის გაცემას უკრძალავს.
ქვეყანაში ქალებზე ძალადობის ფაქტები და სამართალდამცავებისათვის მიმართვიანობა გაზრდილია. წლის პირველ სამ თვეში სულ 2 371 შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.
ძალადობის მსხვერპლი ახლა საკუთარ მშობლებთან ცხოვრობს და ცდილობს წლების განმავლობაში მიყენებული მორალური და ფიზიკური ზიანით გამოწვეული პრობლემები დაძლიოს. მოძალადე მამაკაცის საქმის არსებითი განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება.