თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ დავით კოდუას სასამართლო პროცესი დასრულდა. პროცესს ბრალდებული დისტანციურად ესწრებოდა.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარსადგენი მტკიცებულებების დაშვებაზე იმსჯელეს.
დავით კოდუას უფლებადამცველის, მუხრან ღურწკაიას განცხადებით, ბრალდების მხარე ვერ დაადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის საკითხს, ვინაიდან საქმეში არ არსებობს ამის არცერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება.
"წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის გარკვეული მტკიცებულებები იქნა დაუშვებლად ცნობილი და საქმე გადაეცა არსებით განსახილველად. რა თქმა უნდა, დაცვის მხარე ბოლომდე დაობს ამ საქმეში და ჩვენ მივიჩნევთ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარე ვერ დაადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას და ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდის მერე, როცა არსებითი განხილვები გაიმართება, დადასტურდება მისი უდანაშაულობა,"- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.