ნინოწმინდის პანსიონის გალავანთან თითქმის ორთვიანი ლოდინის შემდეგ ჭიშკარი დღეს მედიისთვის და სახალხო დამცველისთვის არა, თუმცა რეგულირების სააგენტოსთვის გაიხსნა. სოციალურ მუშაკებსა და ფსიქოლოგებს აღსაზრდელების მდგომარეობის შესწავლისა და ადგილზე არსებული სიტუაციის მონიტორინგის საშუალება მიეცათ.
რეგულირების სააგენტოს პანსიონში შესვლიდან რამდენიმე საათში ბენეფიციარების ნაწილმა შენობა დატოვა. მათ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს გაყვანის თხოვნით თავად მიმართეს.
პანსიონში მიმდინარე პროცესების პარალელურად სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა ნინოწმინდის სახლის ხელმძღვანელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ესაუბრება ის ბავშვებს სოციალური მუშაკების თანდასწრებით და როგორ ცდილობს მათ დარწმუნებას, რომ ბენეფიციარები იქ თავს კარგად გრძნობენ და სხვა თავშესაფარში გადასვლა არ სურთ.
მთავარეპისკოპოსი სპირიდონის გარდა დღეს ნინოწმინდაში სხვა სასულიერო პირებიც ჩავიდნენ. ახალციხისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი და საპატრიარქოს წარმომადგენლები პანსიონში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ, ცნობილი გახდა, რომ ვითარებას შეისწავლის საპატრიარქოს კომისიაც.
სავარაუდო სექსუალური, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ფაქტები გახდა მიზეზი, რის გამოც არასამთავრობო სექტორმა საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. უფლებადამცველი მოსამართლეს იმ განჩინების გამოტანას სთხოვს, რომლის მიხედვითაც ზრუნვის სააგენტო პანსიონის ყველა ბენეფიციარს დაუყოვნებლივ გაიყვანს ნინოწმინდიდან.
მედიაში გუშინ გასული რეპორტაჟებისა და ყოფილი ბენეფიციარების ინტერვიუების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, უწყებამ დღეს ნინოწმინდის პანსიონის შესახებ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა.
დღესვე საქმეში ჩაერთო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც, ამჯერად უწყება სოციალურ ქსელში იმ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხს შეისწავლის, რომელიც მეუფე სპირიდონმა დღეს გაავრცელა.
პარალელურად, "კურიერს" პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი ესაუბრა და თავისი განვლილი დღეების შესახებ უამბო. რესპონდენტი ამბობს, რომ შიში დღემდე ვერ დაძლია და სიკვდილზე ფიქრისგან თავის დაღწევა დღემდე უჭირს. მოზარდი საკუთარ თავზე გადახდენილ დაუჯერებელ ისტორიებს მხოლოდ "კურიერს" უყვება. ფაქტებს კი დღესაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონამდე მივყავართ.