03 მაისი 2024,   19:29
ვრცლად
ბელარუსი საერთაშორისო ბლოკადის საფრთხის წინაშეა - თუ ქვეყანა რეპრესიულ პოლიტიკას არ შეცვლის აშშ ოფიციალურ მინსკზე ზეწოლას გაზრდის  

ბელარუსი სრული საერთაშორისო ბლოკადის საფრთხის წინაშეა - შეერთებული შტატები ბელარუსზე ზეწოლას გაზრდის თუკი ოფიციალური მინსკი ბელარუსი ხალხის მიმართ რეპრესიულ პოლიტიკას არ შეცვლის. ამის შესახებ ამერიკელმა სენატორებმა ბელარუსში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების ელჩთან ბელარუსში, ჯული ფიშერთან შეხვედრისას ისაუბრეს.

ევროკავშირისა და შეერთებული შტატების შემდეგ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას იაპონიაც გეგმავს. დასავლეთის მოთხოვნა უცვლელია - გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და შეწყდეს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა აპირებს ბელარუსი სრულ ბლოკადაში მოაქციოს.

შეერთებული შტატების კონგრესი მოითხოვს ადმინისტრაციისგან, დაუწესოს ახალი სანქციები ბელარუსის ეკონომიკურ სექტორს და გააძლიეროს ზეწოლა ლუკაშენკოს რეჟიმზე. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ სხდომაზე, კანონმდებლები, ბელარუსში ამერიკის ელჩთან ერთად მსჯელობდნენ, თუ რა ტიპის სანქციების დაწესებაა აუცილებელი, მინსკის წინააღმდეგ.

"თუ როგორ ვუპასუხებთ ბელარუსს, არა მხოლოდ მინსკის რეჟიმის, არამედ მსოფლიოში ავტოკრატების მისამართით გზავნილი იქნება. ეს კრიტიკული ტესტია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უნდა ჩააბაროს. ამერიკის მიერ, ბელარუსის 9 ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციების დაკისრება მისასალმებელია, თუმცა ამან მცირედი გააკეთა ლუკაშენკოს გათვლების შესაცვლელად. ევროპასთან ერთად, ადმინისტრაციამ სანქციები უნდა დაადოს ბელარუსს სახელმწიფო ბანკს, ენერგეტიკის და მადნეულის ინდუსტრიას. დროა ზეწოლა გავაძლიეროთ," - განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბობ მენენდეზიმ.

სანქციების დასაწესებლად, ჯერჯერობით აშშ-ს ადმინისტრაცია ეყრდნობა 2006 წელს, ჯერ კიდევ ბუშის ადმინისტრაციის დროს გამოცემულ განკარგულებას. ელჩმა უთხრა სენატორებს, რომ ახალ განკარგულებაზე მუშაობენ. მან ასევე აუხსნა კონგრესის წევრებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, რეჟიმის დასაზარალებლად, სექტორული სანქციების დაწესება.

"რეჟიმის ძალადობისა და რეპრესიებისთვის, ჩვენ გადასახდელ ფასს გავზრდით. ბელარუსის ეკონომიკის 70%სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა. ეს საბჭოთა სტილის ეკონომიკაა. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, თუ რამდენად არსებითი შეიძლება იყოს სექტორული სანქციები რეჟიმისთვის იმ ფინანსების ჩამოსართმევად, რომელსაც ხალხის წინააღმდეგ ძალადობისთვის იყენებს," – აცხადებს აშშ-ს ელჩი ბელარუსში ჯული ფიშერი.

"ლუკაშენკომ ბელორუსი ევროპის ჩრდილოეთ კორედ გადააქცია" - ეს თქვა დღეს ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელიც სენატის კომიტეტის სხდომას პრაღიდან ტელეფონით ჩაერთო. მან მოუწოდა კონგრესს, გააფართოვოს სანქციები ლუკაშენკოს გარემოცვის წევრებზე, რომლებიც რეჟიმს აფინანსებენ. ასევე ხაზი გაუსვა, ბაიდენის ევროპაში დაგეგმილ შეხვედრებზე, ბელარუსის თემის განხილვის აუცილებლობას. 

"ჩვენ დავუწესეთ სანქციები ბელორუსის მთავრობის იმ წევრებს, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებლები. გავაგრძელებთ მუშაობას ევროპელ პარტნიორებთან, ლუკაშენკოს რეჟიმზე ზეწოლის გასაძლიერებლად," - აცხადებს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე ჯიმ რიში.

რაც შეეხება ჯული ფიშერს, რომელიც ბელორუსში შეერთებული შტატების ელჩად ბელარუსში სენატმა ჯერ კიდევ გასულ წლის დეკემბერში დაამტკიცა. მას მინსკში ჩასვლის საშუალება ამ დრომდე არ ჰქონია. ამერიკელ დიპლომატს ბელორუსის მთავრობა ვიზას არ აძლევს.

დღის ამბები