თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა და აქციების დროს თავი ყველამ უნდა შეიკავოს.
როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გუშინდელი აქციის გამო დედაქალაქის ქუჩების ჩაკეტვამ, მოქალაქეების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
"ძალიან ბევრი ფაქტი ვიხილეთ გაბრაზებული მოსახლეობის, რომელიც ქალაქის ქუჩებში გადაადგილებას ცდილობდა. ცხადია, ვიღაცას რაღაც პრობლემა, საჭიროება აქვს, სადღაც მიიჩქარის. გვესმის, ადამიანების გაბრაზების, თუმცა ყველა უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს. არანაირი ძალადობა არასდროს არ არის მისაღები – არც ფიზიკური, არც ფსიქოლოგიური. კატეგორიულად მიუღებელია ეს ყველაფერი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაპირისპირების ძალიან ბევრი ფაქტი იყო. როდესაც ბავშვი სადღაც მიგყავს, გეჩქარება, ასევე, მოვისმინე, რომ ერთი სიმსივნით დაავადებული ადამიანი წამლის გასაკეთებლად მიდიოდა, არ უშვებდნენ, მძიმეა ეს ყველაფერი და მესმის იმ მოქალაქეების პროტესტი, რომლებიც ამ ყველაფერთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ.
ჩვენ, ხედავთ, რომ ხელს არ ვუშლით, შეუძლიათ აქციები ჩაატარონ, გადაკეტონ გზები - ეს მათი უფლებაა, ოღონდ კანონის ფარგლებში. როდესაც შენ ხარ ცოტა რაოდენობა და სპეციალურად აკეთებ ისე, რომ გადაკეტო გზა, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ამას მოჰყვება ჩვენი მხრიდან რეაგირება,"- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს გმირთა მოედანი პროტესტის ნიშნად იმ დემონსტრანტებმა გადაკეტეს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს უწყვეტად აპროტესტებენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების ნაწილმა გზა გადაკეტა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროსთან და ვარაზისხევთან. პროტესტის ამგვარმა ფორმამ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა აქციის მონაწილეები გზის გაგრძელების საშუალებას აძლევდნენ მათ, ვისაც მანქანაში მცირეწლოვანი ბავშვი და ხანდაზმული ადამიანი ეჯდა.