საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავას განცხადებით, პანსიონში ცვლილებები და რეორგანიზაცია არ არის საპატრიარქოს პრეროგატივა. მისი თქმით, საკადრო ცვლილებები, რასაც საპატრიარქო მხარს უჭერს, სახელმწიფოს ვალდებულებაში შედის.
"ყველა ვთანხმდებით, რომ 2022 წლის 1-ლი აპრილისთვის ქვეყანაში არ უნდა იყოს დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებები.
გვინდა თუ არ გვინდა, ყველა სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა იყოს ეტაპობრივი. საპატრიარქო არის არაზუსტი და არასწორი ადრესატი, რადგან ინსტიტუციურ ცვლილებებს საპატრიარქო არ ახორციელებს, ახორციელებს სახელმწიფო.
საპატრიარქო მზად არის, რომ სახელმწიფომ განახორციელოს რეორგანიზება და ცვლილებები. ასეთ დროს ჩვენ მხარს ვუჭერთ.
უდავო რაც არის, ეს არის, რომ ბავშვი უნდა დაუბრუნდეს ოჯახს, რასაკვირველია, თუ ამის შესაძლებლობა არის.
30 წლის წინ სხვა რეალობა იყო და სახელმწიფოს თხოვნით ქუჩაში მყოფი ბავშვები ეკლესიამ შეიფარა.
ჩვენ ვამბობთ, რომ კი ბატონო, უნდა დაიშალოს და მოხდეს მსხვილი პანსიონების რეორგანიზაცია,"- აღნიშნა ქარჩავამ.
ედიშერ ქარჩავა ამ წუთებში ნინოწმინდის პანსიონში მიემგზავრება, სადაც სააღმზრდელო დაწესებულების შესახებ საპატრიარქოს პოზიციას გაასაჯაროებს.