19 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
"ბავშვს ეუბნებოდა აქ დაგმარხავო, იძალადებდნენ, მერე სტუმრად მოდიოდნენ და საჭმელს ჭამდნენ, ყავას სვამდნენ" - რას ყვებიან 8 წლის გოგონას ოჯახის წევრები 

8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სოფელმა სახლი გადაუწვა. აღშფოთებული მოსახლეობა დაკავებულების სიკვდილით დასჯას მოითხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი 8 წლის ბავშვზე სისტემატურად, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ძალადობდნენ და ემუქრებოდნენ, რომ მცირეწლოვანს სახლში არაფერი ეთქვა.

არასრულწლოვანის ოჯახის წევრები "კურიერთან" საუბრისას ამბობენ, რომ მამა-შვილი მათ სახლში სისტემატურად დადიოდა და ოჯახთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 

"დადიოდა სულ ეს ბიჭი ჩვენს სახლში, ეს კაციც. ბავშვზე იძალადებდნენ, მოვიდოდნენ სახლში და სახლში საჭმელს ჭამდნენ, ყავას სვამდნენ.

ბავშვი ამბობს, რომ როცა ძალადობდა ეუბნებოდა, თუ რამეს იტყვი, აქ დაგმარხავ, დედას მოგიკლავ, მამას მოგიკლავ, ძმას მოგიკლავ... ექსპერტიზის დასკვნა დადებულია, ყველაფერი დადასტურებულია და ველოდები სასამართლოს. ვითხოვ, მოვითხოვ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის ადამიანები უმკაცრესად დაისაჯონ, თუ სიკვდილით დასჯა არის, სიკვდილით დაისაჯონ,"-აცხადებს არასრულწლოვანის ოჯახის წევრი. 

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ დაზიანებები ბავშვის სხეულზე დედამ შეამჩნია, შემდეგ კი 8 წლის გოგონამ დედას ყველაფერი უამბო. 

"აბაზანაში, დაბანისას შეამჩნია ბავშვს რაღაც, ტკივილები მაქვსო და მოუყვა მერე დედას რაც მოხდა. თითქმის 2 წელი ძალადობდნენ, აშინებდნენ ბავშვს დანის მუქარით, თოფის მუქარით და არ ამხელდა ესეც. ხდებოდა სახლში, ეზოში, ტყეში გაყავდა.

იმასაც 4 შვილი ჰყავს. ბოლოს რომ მოხდა, მარტო იმყოფებოდა ის კაცი სახლში, შეათრია ბავშვი სახლში და საშინელება. უნდა ამოიძირკვოს ეს ოჯახი სოფლიდან ძირფესვიანად,"-აცხადებს ოჯახის ახლობელი.

მძიმე დანაშაულში ბრალდებულების სახლი ახლა სრულიად განადგურებულია, ოჯახის წევრები გახიზნულები არიან. "კურიერის" მაყურებელმა სახლის დაწვის კადრები, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში ნახა, ეს მაშინ მოხდა, როცა "კურიერის" კორესპონდენტი შენობასთან პირდაპირ ეთერში ერთვებოდა.

65 და 35 წლის კაცები პოლიციამ 135 მუხლით აიყვანა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები