საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესზე "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის მხარემ გარკვეული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა მოითხოვა, მათ შორისაა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა, თუმცა იმის გამო, რომ მეორე მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებს უნდა გაეცნოს, პროცესი 15 სექტემბრამდე გადაიდო.
ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატის, კახა კოჟორიძის განცხადებით, მათ მოლოდინი აქვთ, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება.
"მოლოდინი არის სარჩელის დაკმაყოფილება კიდევ და კიდევ, იმიტომ, რომ ჩვენი პოზიცია ეყრდნობა იმ არგუმენტებს, რასაც თავის დროზე ქიბარ ხალვაში ეყრდნობოდა და უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გაითვალისწინა. პირიქით, კიდევ უფრო გაძლიერებულია ჩვენი პოზიცია, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ყველაზე ძლიერი პოზიცია, რაც არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში, ესაა მოპასუხის აღიარება. ქიბარ ხალვაშის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება პირდაპირ ადასტურებს ჩვენი პოზიციის სისწორეს," - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
დავით დვალის განცხადებით, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე დასკვნა დაწერა ისეთმა გავლენიანმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიცაა "საერთაშორისო გამჭვირვალობა".
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე "რუსთავი 2-ის" 60%-იან წილზე დავობენ.