ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ვაქცინაციის მიუხედავად, მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო წესების დაცვისკენ მოუწოდებს. სპეციალისტები ვირუსის გავრცელების ახალ ტალღაზე საუბრობენ, რომელიც ინდურ შტამს უკავშირდება.
გამონაკლისი არც საქართველოა - კოვიდის ყველაზე აგრესიული და სწრაფად გავრცელების უნარის მქონე ვერსია აქაც დადასტურდა. მისი ცირკულაცია ქვეყანაში, დაახლოებით, 20%-ია.
ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ დღეს სიტუაცია მართვადია, თუმცა აგვისტოდან შემთხვევათა მატებას ელოდებიან. ამიტომ, შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ ისევ მოუწოდებენ.
დელტა შტამს, რომელიც მსოფლიოში ინდოეთიდან გავრცელდა, უხანური კორონავირუსისგან განსხვავებული სიმპტომებიც აღენიშნება და უფრო მარტივადაც ვრცელდება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ადამიანის ორგანიზმს მეტად აზიანებს.
ჯერ ისევ უცნობი რჩება, რამდენად ეფექტურია ვაქცინები დელტა შტამის წინააღმდეგ. პარალელურად, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები კიდევ ახალ შტამებზე საუბრობენ. ამ ყველაფრის ფონზე, უცვლელი რჩება რეკომენდაციები - ვაქცინაცია, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.