20 ნოემბერი 2024,   05:21
ვრცლად
ბათუმში ერთ-ერთი ბანკის მენეჯერმა მილიონობით ლარი მიითვისა - როგორ მუშაობდა თაღლითური სქემა 6 წლის განმავლობაში 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ერთ-ერთი კომერციული ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, ამავე ბანკის ბათუმის ფილიალის ყოფილი მენეჯერი დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2015 წლიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, დაამზადა ანაბრის გახსნისა და დახურვის ყალბი ხელშეკრულებები, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მითვისებული თანხა ჯამში შეადგენს 2 467 667 ლარს, 180 480 აშშ დოლარს და 80 000 ევროს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

დღის ამბები