19 მაისი 2024,   03:25
ვრცლად
"სისხლისგან იცლებოდა, მანქანაში ჩაჯდომა ვერ მოასწრო..." - გლდანში მომხდარი მკვლელობის დეტალები

35 წლის მამაკაცი ერთი გასროლის შედეგად გარდაიცვალა - შემთხვევა გლდანის მეორე მიკრორაიონში მოხდა.

პოლიციამ შემთხვევის თვითმხილველები უკვე გამოკითხა. ყველა მათგანი ჰყვება, რომ ერთი გასროლის ხმა გაიგო.

"კურიერი" ასევე ესაუბრა ქალს, რომელმაც მამაკაცს გარდაცვალებამდე პირველი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. ის ამბობს, რომ მოასწრეს სასწრაფოს გამოძახება, ის დროულად მოვიდა, თუმცა მამაკაცი სისხლისგან იყო დაცლილი და ადგილზევე გარდაიცვალა.

ადგილობრივების თქმით, მათ წინასწარ ხმაური არ გაუგიათ, იყო მხოლოდ ერთი ზარი სატელეფონო და შემდეგ ერთი გასროლის ხმა.

ადგილობრივების თქმით, არც მოკლულს და არც დამნაშავეს უბანში არავინ იცნობს.

"ერთი ნასროლი ჰქონდა, სისხლისგან იცლებოდა და მერე გაცივდა საწყალი. ვერაფერი ვერ თქვა, აქ რომ ესროლეს, იქ წავიდა, მანქანასთან მივიდა და წაიქცა. ვერ მოასწრო მანქანაში ჩაჯდომა. არაფერი არ ვიცით, ვინ არის, რატომ მოვიდა აქ," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. შემთხვევა დაახლოებით ღამის 22:00 საათზე მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დღის ამბები