20 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
"ეს არის ჭორები, კუდები აქვს მობმული" - მოსწავლეზე სექსუალური ძალადობისთვის დაკავებული მასწავლებლის ადვოკატი ბრალდებას უარყოფს

მოსწავლესთან სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ბრალდებით დაკავებული მასწავლებლის ადვოკატი ბრალდებას ჭორებს უწოდებს და პირობას დებს, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერს ნათელი მოეფინება.

"ეს არის ჭორები, კუდები აქვს მობმული და ამას აუცილებლად ნათელი მოეფინება უახლოეს მომავალში," - აცხადებს ადვოკატი დავით მამალაძე.

საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსისთვის დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ მსგავსი მენტალიტეტის მქონე ადამიანს ასეთი რამე დამართნოდა. მისივე თქმით, თუ ბრალი დამტკიცდება, სკოლა უფლებამოსილების ფარგლებში  იმოქმედებს:

"გავიგე ასეთი ფაქტი, რომ თვითონ ამ მასწავლებელს ჰქონია დაბადების დღე, როგორც ირკვევა მეორე დღეს არის მისული სკოლის შენობაში და ნასვამი იმყოფებოდა თუ არ იმყოფებოდა, ჩემი ვარაუდია... წარმოუდგენელია, მსგავსი მენტალიტეტის ადამიანს რომ ასეთი რამე დამართნოდა, მე ვერ ვუშვებ ამას. თუკი ბრალი დაუმტკიცდება, რა თქმა უნდა სკოლა ვალდებულია, რომ შეუწყვიტოს მას შრომითი ხელშეკრულება, სხვა უფლებამოსილება არ გააჩნია სკოლას," - განაცხადა შორენა სიხარულიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ისტორიის პედაგოგმა სკოლის ერთ-ერთ კაბინეტში ყოფილი მოსწავლის, 18 წლის გოგონას მიმართ სექსუალური სახის დანაშაული ჩაიდინა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აწარმოებს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედებაა.

 

ავტორი: ხათუნა გაგნიძე

 

დღის ამბები