"ქართული ოცნება" დღეს მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მერობის კანდიდატებს წარადგენს. მარნეულის მერობის კანდიდატის კენან ომაროვის წარდგენა ქალაქის ცენტრში უკვე გაიმართა. მას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავჯდომარე და დეპუტატები ესწრებოდნენ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა როგორც უკვე განხორციელებულ, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც მარნეულის მოსახლეობას აწუხებს. ასევე, ისაუბრა განვლილ წლებთან დაკავშირებით და თქვა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა არის ის მთავარი, რომლის ირგვლივაც "ქართული ოცნება" და მისი მხარდამჭერები უნდა გაერთიანდნენ.
იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველობის არჩევნებში კენან ომაროვი გაიმარჯვებს, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ის აქტიურად დაიწყებს იმ საკითხებზე მუშაობას, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტს ეხება. როგორც სიტყვით გამოსვლის დროს დღეს მან განაცხადა, ის აქამდეც იკავებდა მერის მოადგილის თანამდებობას და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს კარგად იცნობს.
"მარნეული ცნობილია მშრომელი ხალხით, ამიტომაც ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ქალაქია. დარწმუნებული ვარ, რომ მარნეულელები სწორ არჩევანს გააკეთებთ, პატივს დამდებთ და ქალაქის მართვას მანდობთ, რაც იმის გარანტია იქნება, რომ ყველა მიმდინარე პროექტი სრულყოფილად დასრულდება და კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტებს განვახორციელებთ," - აცხადებს მარნეულის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" კენან ომაროვი.