20 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
დღეიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა - სპეციალისტებს ვირუსის გავრცელების შემცირების მოლოდინი აქვთ

დღეიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა - 4 სექტემბრამდე ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში არ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. ღამის 11 საათამდე იმუშავებენ რესტორნები. სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. მათ შორის ყველაზე მეტი დისკომფორტი სწორედ მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვამ გამოიწვია. მეტროს და ავტობუსების გაჩერება უკვე აისახა ტაქსის ტარიფების გაძვირებაზე, რაც კიდევ დამატებითი ფინანსური წნეხია. მთავრობა გადაწყვეტილებას გარდაუვალი საჭიროებით ხსნის. შეზღუდვებს ეთანხმებიან ეპიდემიოლოგებიც. ჯანდაცვის მინისტრის პროგნოზით სამკვირიანი შეზღუდვები ვირუსის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ქვეყნის მასშტაბით ამოქმედებულია ამცრელი პუნქტები, სადაც მოსახლეობას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია მისვლა. ტრანსპორტირებას მთავრობა უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის სპეციალისტები კვლავ მაღალი რისკის ზონად განიხილავენ კაფე-ბარებს და რესტორნებს. ბიზნესის ეს სექტორი დამატებით შეიზღუდა და სამუშაო დრო 1 საათით შეუმცირდა. რესტორატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთსაათიანი ცვლილება ეპიდვითრებაზე გავლენას ვერ იქონიებს, თუმცა პრობლემებს შეუქმნის დამსაქმებლებსაც და ამ სფეროში დასაქმებულებსაც.

ბარებსა და რესტორნებში წესების და შეზღუდვების დაცვის კონტროლი მკაცრდება. განსაკუთრებით ეს ზღვისპირა ქალაქებს ეხება სადაც ირკვევა, რომ რიგ შემთხვევებში, აკრძალვის მიუხედავად, გასართობი ღონისძიებები კვლავ იმართება. შრომის ინსპექციამ 10-ზე მეტი ასეთი ობიექტი უკვე დალუქა.

დღის ამბები