17 მაისი 2024,   09:46
ვრცლად
ქაბულის აეროპორტში ქაოსია - ავღანეთის უმეტეს ნაწილს უკვე "თალიბანი" აკონტროლებს

ქაბულის აეროპორტში ქაოსია. მოსახლეობა ქალაქიდან გაღწევას ცდილობს. ავღანეთის უმეტეს ნაწილს უკვე "თალიბანი" აკონტროლებს.

"თალიბებმა" პრეზიდენტის სასახლეც დაიკავეს. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა და განმარტა, რომ ასე სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მოიქცა.

ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და თანასწორობა, ყველაფერი, რასაც გაერთიანებულმა სამეფომ 20 წლის განმავლობაში მიაღწია. ბევრმა ქალმა და გოგონამ განათლება მიიღო. ადამიანის უფლებები და თანასწორობა დაცული იყო ისე, როგორც არასდროს აქამდე. ჩვენ ამის წყალში გადაყრა არ გვსურს. ნებისმიერი ახალი მთავრობის მიმართ მხარდაჭერა არ უნდა მოხდეს, სანამ მსოფლიოს ერთიანი შეხედულება არ ჩამოუყალიბდება და ერთიან პირობებს არ წარადგენს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ახალმა მთავრობამ. ჩვენ გვსურს ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდეს ყველა მხარეს შორის, რათა ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა ავღანეთში ტერორიზმის დაბრუნების საფრთხის პრევენცია მოვახდინოთ,"- აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ ქვეყნიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია მიმდინარეობს. 

"ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი პერსონალი იყოს უსაფრთხოდ და დაცულად. ჩვენ გადაგვყავს ჩვენი საელჩოს თანამშრომლები აეროპორტში. ამიტომ გაგზავნა პრეზიდენტმა ძალები, რომ შეგვემცირებინა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა. ჩვენ ამას უსაფრთხო და თანმიმდევრულ რეჟიმში ვახორციელებთ,"- აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, უწყება ყველა სიტუაციისთვის მზადყოფნაშია.

"ჩვენ მზად ვართ ყველა სიტუაციისთვის, ყველაზე ექსტრემალურისთვისაც კი. ჩვენი მიზანია ავღანეთიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავიყვანოთ, სანამ ადგილზე ამის შესაძლებლობა გვაქვს. ამ მიზნით, ჩვენ ასევე გამოვიყენებთ A400M სატრანსპორტო თვითმფრინავებს,"- აცხადებენ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში. 

დღის ამბები