საქართველოს 16 მოქალაქე დღის ბოლოს ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდება. ქართველები უკვე ბორტზე იმყოფებიან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი ჯერ დუბაიში დაეშვება, იქიდან კი საქართველოში გამოემგზავრება.
"ჩვენ შევეცდებით ეს ადამიანები დუბაიდან წამოვიყვანოთ თბილისში, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შესაძლოა მათ გზის გაგრძელება მოუწიოთ ლონდონში, საიდანაც მათი ჩამოყვანა მოხდება. იყო შეფერხებები, გარკვეული სირთულეები, თუმცა ჯანმრთელად და მშვიდობით მიაღწია თითოეულმა მათგანმა აეროპორტამდე.
სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ისინი საქართველოში ჩამოფრინდებიან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ავღანეთში ქართველები აღარ დარჩებიან. ვვარაუდობთ, რომ შეიძლება კიდევ იყვნენ ვიღაცები, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენთვის არ მოუმართავთ,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
ავღანეთიდან საქართველოს მთავრობამ პრემიერის დავალებით სამშობლოში 6 ქართველის ევაკუაცია უკვე განახორციელა.