გლდანის ციხეში პატიმარმა ადვოკატთან პაემნის დროს თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაცია "რუსთავი2-ს" პენიტენციურ სამსახურშიც დაუდასტურეს.
"მსჯავრდებული ტ.დ. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ს.ს.კ-ის 223-ე პრიმა მუხლის ( ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდულ შეკრებაში მონაწილება) საფუძველზე მოთავსდა.
მიმდინარე წლის 6 სექტემბერს მსჯავრდებული ტ.დ. უფლებადამცველთან შეხვედრის მიზნით ხანმოკლე პაემნისთვის განკუთნვილ ოთახში იმყოფებოდა, რა დროსაც მსჯავრდებულმა მუცლის არეში დაზიანება პლასტმასის საგნით მიიყენა. მსჯავრდებულის განმარტებით, იგი ამ დროს აღელვებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა კონკრეტული მიზეზი მას არ დაუსახელებია.
მსჯავრდებულს დაწესებულების მედპერსონალის მიერ ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე საჭიროდ ჩაითვალა თბილისის ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
მომხდარს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს", - განგვიცხადეს პენიტენციურ სამსახურში.