გიგი უგულავა შსს-ს მიმართავს. ფოთის მერობის კანდიდატის ინფორმაციით, მისი საარჩევნო ბანერი ჩამოხიეს, რაც კანონდარღვევაა. გიგი უგულავა ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.
გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეები აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ მეზობლებმა ტელეფონით შეატყობინეს.
"პირველრიგში უნდა ითქვას, ეს არის პატარა, შეშინებული ადამიანების საქციელი. გუშინწინ ჩვენი მაჟორიტარის პლაკატი დასვარეს, დღეს გიგი უგულავას ბანერი დაჭრეს. ამითი ჰგონიათ რომ ხელს შეგვიშლიან, მაგრამ რეფერენდუმი მაინც ჩატარდება,"-აცხადებს ლევან თარხნიშვილი.
გიგი უგულავას საარჩევნო ბანერის დაზიანებას მმართველი გუნდი ეხმაურება. თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის თქმით, ის მომხდარ ფაქტს გმობს და კატეგორიულად ემიჯნება.
"ძალიან ცუდია, თუ ასეთი ფაქტები ფიქსირდება. ყველას მინდა მოვუწოდო, თავი შეიკავონ ბანერების შეურაცხყოფისგან, დახევისგან. რაც არა უნდა ვიღაცა არ მოგვწონდეს, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, პატივი უდნა ვცეთ საზოგადოებას, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ფაქტები. სამწუხაროდ ჩემ ბანერთანაც იყო მსგავსი და ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ აღარ განმეორდეს," - უთხრა ჟურნალისტებს თბილისის მერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძემ.
არსებული ინფორმაციით, ფოთში, კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე ოფისში, გვიან ღამით უცნობი პირები შეიპარნენ, დააზიანეს საარჩევნო პლაკატები და მოიპარეს დროშები.