დღეიდან სპეციალური პორტალი ამოქმედდა, სადაც მოქალაქეების კოვიდინფორმაციაა ატვირთული. ვებგვერდის საშუალებით კერძო, თუ საჯარო დაწესებულებას შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს არის, თუ არა მოქალაქე აცრილი. ვაქცინირებული მოქალაქეების ბაზა, ბიზნესს საშუალებას მისცემს ადამიანის სტატუსი განსაზღვროს და ამის შემდეგ გადაწყვიტოს დაუშვას, თუ არა ის კონკრეტულ სივრცეში.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აღნიშნავს, რომ ე.წ. კოვიდსაშვი ბიზნესს "მწვანე ზონების" განსაზღვრის საშუალებას მისცემს, ხოლო მოქალაქეებს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს სთავაზობს.
"ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ეს სპეციალური აპლიკაცია ე.წ. კოვიდსაშვი, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნეს ობიექტებს განსაზღვრონ თავისი ვიზიტორის კოვიდსტატუსი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, რომ განისაზღვროს ე.წ. მწვანე ზონები. ეს პლატფორმა ბიზნესს სთავაზობს მეტ მოქნილობას, კოვიდთან ადაპტირებას, ხოლო მეორეს მხრივ მოქალაქეებს სთავაზობს იმას, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში მიიღონ ის სერვისი, რომელიც მათ ესაჭიროებათ,"- განაცხადა ბექა ფერაძემ.