იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის, მ.იაშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, იმ ადამიანებმა, ვისაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აღენიშნებათ, პირველ რიგში უნდა გაიკეთონ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა.
მისი თქმით, ალერგიულ და ქრონიკულ მდგომარეობასთან, ონკოლოგიურ პათოლოგიასთან დაკავშირებული შიშები აქვთ ადამიანებს და ამიტომ, ვაქცინის გაკეთებას ერიდებიან, თუმცა მისივე განმარტებით, სწორედ ამ ქრონიკული პათოლოგიის ადამიანებში წარმოადგენს პრიორიტეტს ვაქცინაცია.
"იმ ადამიანებს, ვისაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადებები, აქვთ გადატანილი ინსულტი, არის გულის ქრონიკული დაავადების მატარებელი, ან ჰქონდა წლების წინ ალერგიული რეაქცია, ახლა ვაქცინის გაკეთების ეშინიათ. სინამდვილეში კი ეს დაავადებები პრიორიტეტულ ჯგუფს წარმოადგენენ ვაქცინაციის თვალსაზრისით. თავი კი არ უნდა შეიკავონ ამ ადამიანებმა, პირველ რიგში უნდა წავიდნენ ვაქცინაციის გასაკეთებლად. ვინაიდან, კორონავირუსის შემთხვევაში, სწორედ ქრონიკული დაავადების მქონე პირები არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ,"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ "დღის კურიერის" ეთერში საუბრისას.