02 სექტემბერი 2026,   12:15
ვრცლად
"თუ ეს რეჟიმი დარჩება, ხვალიდან ისევ თევზის სუნით ააყროლებენ ქალაქს" - გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანი ფოთში გააკეთა

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანი ფოთის მე-15 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

"ვისაც ამ ქვეყანაში უსინდისობა მობეზრდა და ყელში ამოუვიდა, ვისაც ამ ქვეყანაში შლეგი ოლიგარქის მმართველობა ყელში ამოუვიდა, ის მოვა რეფერენდუმზე და ხმას მისცემს "ქართული ოცნების" რეჟიმის წინააღმდეგ.

მინდა ფოთელებს მივმართო, მეგობრებო, ერთი კვირა სულ წვიმდა და პროგნოზით, კიდევ ორი კვირა წვიმა იქნება. დღევანდელი დღე არის გამონაკლისი, მე მგონი ბუნება გვკარნახობს, რომ ცვლილებების დრო მოვიდა, არ დაიზაროთ და მოდით. კონკრეტული რამ მინდა გითხრათ, ახლა ოქტომბერია და თითოეული თქვენგანს აქვს მოლოდინი, დაიწყება თევზის სუნი, ძალიან კარგად იცით ვინ ააყროლებს ამ ქალაქს. ეს არის ოლიგარქის საცეცები და ამის მიხედვით გააკეთეთ არჩევანი.  თუ ეს რეჟიმი დარჩება, ხვალიდან ისევ თევზის სუნით ააყროლებენ ქალაქს. მოგექცევიან ზუსტად ისე, როგორც აქამდე გექცეოდნენ. ამიტომ მოდით, იაქტიურეთ და შევცვალოთ სიტუაცია ფოთში და მთელ ქალაქში.

რაც შეეხება დარღვევებს, თავფუჩეჩა კაცს მინდა მივმართო, მმართველი პარტიის თავმჯდომარე რომ ჰქვია, მან მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც  100 მეტრის რადიუსი უნდა იყოს დაცული. შეგვიძლია გავიაროთ 32-ვე საარჩევნო უბანში და ნახავთ, რომ მისი წარმომადგენლები  ამ კანონს არღვევენ. მეორე - მან მიიღო კანონი, რომ მოქალაქეების თავისუფალი ნების კონტროლი არ შეიძლება. ახლა ვსვამ კითხვას - საიდან აქვს "ქართული ოცნების" კოორდინატორებს  სურათებიანი სია. სურათებიანი სია აქვს მხოლოდ ცესკოს. ამიტომ თუ კანონს მიიღებ ის კანონი უნდა დაიცვა, თქვენ არაფერი არ გიშველით, დაანებეთ ხალხის კონტროლს თავი," - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები