გორში მოკლული ბრიტანეთის მოქალაქის საქმეზე დაკავებულ 5 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
როგორც დანაშაულის შეუტყობინებლობაზე დაკავებული ვასილი ოქროპირიძის ძმა, იოსებ ოქროპირიძე ამბობს, განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მან ეს დანაშაული მარტო ჩაიდინა.
იოსებ ოქროპირიძის განცხადებით, დაკავებულმა სასამართლო სხდომაზე დანაშაულის დეტალებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ თომას კენედი მდინარეში მარტომ გადავარდა.
"ერთ-ერთმა ბრალდებულმა ილაპარაკა, რომელიც 28 წლის არის, რომ მარტო იყო და მარტო გააკეთა ეს ყველაფერი; დარბაზში ისაუბრა, რომ მარტო გავიყვანე და გავთიშეო, ამის შემდეგ გაქცევა სცადა, ფეხი წაუკრია რაღაცაზე, გათიშულა და წყალში ჩავარდნილა. იმის შემდეგ წამოვედიო, ტელეფონებიც მე დავალომბარდე, კარტიდან თანხაც მე მოვხსენიო," - დანაშაულის შეუტყობინებლობაზე ბრალდებულ ვასილი ოქროპირიძის ძმა იოსებ ოქროპირიძე.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას 48 საათში გასაჩივრებას გეგმავს.
"48 საათში სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ ამ განჩინებას. არ ეთანხმებიან იმ ბრალდებას, რაც აქვთ წარდგენილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს. გამოძიება ამ ეტაპზე ეყრდნობა მხოლოდ დასაბუთებულ ვარაუდს," - განაცხადა ადვოკატმა.
საქმის პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი აცხადებს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
"პატიმრობა იყო კონკრეტული სახე, ბრალდების მხარის მოთხოვნა, მათი მხრიდან მოსალოდნელი მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეზე დაყრდნობით. გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. საქმეში არის პირთა გამოკითხვის ოქმები, ამოღებული ნივთმტკიცებები, არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა და ამ მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზება ცალსახად იძლეოდა ხუთივე პირის ბრალდების საფუძველს," - აცხადებს პროკურორი.
შეგახსენებთ, რომ თომას კენედის საქმეზე სულ 5 პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ბრიტანეთის მოქალაქეს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მტკვარში გადააგდეს.