თბილისის მერიამ სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" მიერ დაუსრულებელი კორპუსების დემონტაჟი რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად დაიწყო. მერიის ინიციატივით, "ცენტრპოინტის" კარკასული შენობები, რომელშიც ცხოვრება არ არის შესაძლებელი და ვერც რეაბილიტაცია მოხდება, ეტაპობრივად დაიშლება.
ერთ-ერთი ასეთი ობიექტი სააკაძეზეა. მშენებლობა წლების წინ დაიწყო, თუმცა მალევე შეჩერდა, მას მერე 50-მდე ოჯახი ბინის მოლოდინშია. მერიის გადაწყვეტილებით, მალე აქ ახალი თანამედოვე სტანდარტის კორპუსი აშენდება და "ცენტრპონიტისგან" დაზარალებული მოქალაქეები უკვე საკუთარ სახლებში იცხოვრებენ.
6 500-მდე დაზარალებული ოჯახისთვის კუთვნილი ფართების გადაცემისთვის, მუშაობა მერიამ 2 წლის წინ დაიწყო, შეიქმნა სპეციალური კომისია, ფონდი და არქიტექტორთა ჯგუფი.
დაუსრულებელი მშენებლობების გამო დაზარალებულების კუთვნილი ფართებით დაკმაყოფილება, დედაქალაქის მოქმედი მერის თქმით, პრიორიტეტია.
უსაფრთხო გარემო, მშენებლობის ხარისხი და ვადები - ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რომელთა დაკმაყოფილებაც მერიამ იმ კომპანიებს მოსთხოვა, რომლებმაც მშენებლობებზე და სარემონტო სამუშაოებზე პასუხისმგებლობა აიღეს.