"მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზე დაეცა და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა" - ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალო დაწესებულებაში.
მისი პირადი ექიმის თქმით, ჰოსპიტალიზაცია კვლავ აუცილებელია, თუმცა არა ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. თავად მსჯავრდებული სააკაშვილიც გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანაზე უარს აცხადებს.
"გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი.
თითქოს და საუბარი იმაზე, რომ კერძო კლინიკაში უნდა მომხდარიყო ჰოსპიტალიზირება, კონსილიუმის მხრიდან არ ყოფილა. ეს არის წვრილფეხა ტყუილი. კონსილიუმმა, რომელიც ხაზგასმით მინდა ვთქვა, საქართველოს მთავრობის ქოლგის ქვეშ შეიქმნა, საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მრავალპროფილურ კლინიკაში, და გრძელდება აქ წერტილი არ არის, სადაც შესაძლებელი იქნება მაგნიტორეზონანსული კვლევის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და დუპლექს სკანირების გაკეთება," – აცხადებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ ომბუდსმენის მიერ გავრცელებული რეკომენდაციის შემდგომ, საზოგადოებისთვის ცნობილმა ერთ-ერთმა ექიმმა კონსილიუმი დატოვა.
"კონსილიუმმა დადო დასკვნა. კონსილიუმის დასკვნა არ სრულდება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. კონსილიუმის დასკვნის შესაბამისად სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, რომ მე-18 დაწესებულებაში არ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და ამის შემდეგ კონსილიუმის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი წევრი, საზოგადოებისთვის ცნობილი ძალიან ძლიერი და მაღალი რეპუტაციის მქონე ექიმი ტოვებს კონსილიუმს. ეს ნიშნავს ერთადერთს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.