20 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ჩიკაგოში რადიაციის და ონკოლოგიის საკითხებზე გამართულ კონფერენციას დაესწრო

შეერთებულ შტატებში იმყოფება საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც ჩიკაგოში რადიაციის და ონკოლოგიის საკითხებზე გამართულ კონფერენციას დაესწრო და ამერიკელ სპეციალისტებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი გააცნო.

ქართული მხარე აპირებს მოიწვიოს უცხოელი მეცნიერები კლინიკურ და სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის მისაღებად. ამ საკითხებზე შეხვედრებს სამინისტროს დელეგაცია დღეს ბოსტონშიც გააგრძელებს. მასაჩუსეტში ყოფნის დროს მიხეილ ჩხენკელი ბოსტონის უნივერსიტეტების ქართველ სტუდენტებსაც შეხვდა.

"წამყვანი მეცნიერები ძალიან დაინტერესდნენ ამ პროექტით და მათ გამოთქვეს მზაობა, რომ აქტიურად ჩაერთონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის როგორც კლინიკურ, ასევე სამეცნიერო კვლევით აქტივობებში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრი ჭეშმარიტად უნიკალური პროექტია. აქ იფუნქციონირებს 2 ციკლოტრონი: პირველი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, ეს გახლავთ პროტონული თერაპია, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის; ხოლო მეორე ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სამეცნიერო კვლევით პროცესს," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დღის ამბები