გიგი უგულავა ფოთში თვითმართველობის არჩევნების მე-2 ტურის შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციის მერობის კანდიდატის შედეგების გასაჩივრებას გეგმავს, რადგან თვლის, რომ ფოთში არჩევნების მეორე ტური გაყალბდა.
"პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ფოთელს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, მაგრამ სამწუხაროდ, მეგობრებო ჩვენი ხმა გაყალბდა. თქვენი ხმა და არჩევანი იყო მსხვერპლი არნახული, ფოთისთვის არნახული სხვათა შორის, იმიტომ, რომ ფოთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი ქალაქია ძალადობის, დაშანტაჟების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ფულის დარიგებით, თუ ჩამორიგებით და ყველა მამაძაღლობით, რაც კი შეიძლება იყოს გამოყენებული.
ამიტომ მე არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ბუნებრივია ჩვენ გავასაჩივრებთ. აქაც მოჯადოებული წრე არის, უნდა გვესმოდეს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით და არა ფიგურალურად, ეს არჩევნები მიდის ადმინისტრაციული წესით სასამართლოში, სადაც მას ბატონი მურუსუძე ხვდება, ამიტომ ეს მოჯადოებული წრე არის. სამწუხაროდ საქართველოს "ოცნების" ხელისუფლებამ, აქაც გამოავლინა თავისი სახე. მე ვსაუბრობ მხოლოდ ფოთზე, მე არ მაქვს სახვა ქალაქის მონაცემები, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ არნახული ფულით გაყალბებული, ძალადობით აქაც ცდილობენ სასურველი შედეგის დადებას და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ხალხის ნების დამახინჯებას," - განაცხადა გიგი უგულავამ.