ცოტა ხნის წინ ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის მედპერსონალს, სადაც ოკუპირებული ცხინვალიდან გვიან ღამით გადმოყვანილი გენადი ბესტაევს ჩაუტარდა ოპერაცია, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი შეხვდა, თუმცა, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, მან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებზე ვერ ისაუბრა.
"ყველა იქ მცხოვრები ქართველი იქნება თუ აფხაზი, ოსი თუ რუსი - ყველანი არიან რუსეთის ოკუპაციის მძევლები და სამწუხაროდ, ცხინვალში ყველაზე წარმატებულ ოპერაციად ითვლება აპენდიქტომია. ნებისმიერი ავადმყოფი შეიძლება ითქვას, რომ იქ 90% განწირულია სიკვდილისთვის. რომ დააკავეს იზოლატორში ერთად ვიყავით. მგონი ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მე როგორც ვიცი, აპენდიქტომია გაუკეთეს, მერე საავადმყოფოში იწვა," - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, ოკუპანტური რეჟიმის უკანონო პატიმარი გენადი ბესტაევი გვიან ღამით ცხინვალიდან თბილისში გადმოიყვანეს. მისი ტრანსპორტირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით მოხდა.
ბესტაევს ოპერაცია ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში ჩაუტარდა. ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.