21 იანვარი 2022,   21:03
ვრცლად
გიგი უგულავას დაკავებას მისი უფლებადამცველი პოლიტიკურ დევნას უწოდებს

პოლიტიკურ დევნას უწოდებს გიგი უგულავას დაკავებას მისი უფლებადამცველი. გიორგი კონდახაშვლის განმარტებით, უგულავას დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

"შევეცდებით დავარწმუნოთ მოსამართლე, რომ გიგი უგულავას არავითარი ადმინისტრაციული გადაცდომა არ ჩაუდენია. პირდაპირ ეთერში ვიხილეთ გიგის დაკავების კადრები და კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს, რომ გიგი არც შეურაცხყოფას აყენებდა არავის და არც წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას, იგი უბრალოდ იდგა და გამოხატავდა მის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას. ეს არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ინსტრუმენტი გამოყენებული კიდევ ერთხელ მასთან მიმართებით. მისი დაკავება არის უკანონო და არავითარი სამართლებრივი საფუძველი ამას არ გააჩნია," - განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

გიგი უგულავას სხვა 14 დაკავებულთან ერთად გამოძიება პოლიციის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო პოლიციამ ის გუშინ დააკავა, დაკავებას კი წინ უძღოდა ოპოზიციის ლიდერსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება. მათი სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.

დღის ამბები