საქალაქო სასამართლოში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს.
დაპირისპირება ადვოკატების შუამდგომლობას მოჰყვა, რომლებიც საქმის ორი პროკურორის, გიორგი მუჯირისა და და არჩილ ტყეშელაშვილის აცილებას მოითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატები პროკურორებს მიკერძოებულობასა და საქმის პოლიტიზირებაში ადანაშაულებენ.
ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურორებისთვის საქმე პოლიტიზირებულია და აღიქმება პოლიტიკურ დევნად. მათი თქმით, პროკურორი აღქმის სიმძაფრისთვის აპელირებს კონკრეტულ თარიღებზე.
"ხარჯების 90 % არის კვება, სასტუმრო, სამედიცინო ხარჯები. მთელი ამ საქმის ანი და ბანი ეგაა. ჩვენ არცერთ ხარჯზე არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს, მზად ვართ ვისაუბროთ.
თქვენ აქ ხართ რომ დაკითხოთ ბრალდებული, რა დროსაც ეკითხებით 26 მაისზე სირცხვილია! რამდენად გიღირთ ის პრემია რასაც ელოდებით ამ სამარცხვინოობისგან? "- მიმართა ბექა ბასილაიამ პროკურორს.
"ბინძურო მატყუარა" - ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილის პირველი რეპლიკა სასამართლოზე რომელიც მან პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის მისამართით გამოიყენა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა პროცესზე მხარეებს სიმშვიდისა და კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.
როგორც მან აღნიშნა, მოსამართლის მითითება პროცესზე წესრიგის დასაცავად, არის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი.
"მოგმართავთ ორივე მხარეს, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს და მოგიწოდოთ, რომ მაქსიმალურად შეეცადოთ პროცესი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს. იყავით მაქსიმალურად კორექტულები, დაიცავით პროცესზე ქცევის წესები და პატივი ეცით ერთმანეთს. იცით თქვენ, რომ პოლემიკას, განცხადების გაკეთებასა თუ რეპლიკას აქვს თავისი დადგენილი წესი და ყოველგვარი ამ წესის დარღვევა იწვევს პროცესზე წესრიგის დარღვევას. ისიც იცით, რომ წესრიგის დაცვის მიზნით, მოსამართლის მითითებები არის სავალდებულო, სხვა შემთხვევაში და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მე შემიძლია, რომ კანონით გათვალისწინებული ზომები გამოვიყენო და ნუ გამხდით იძულებულს, რომ ეს ზომები გამოვიყენო.
ხედავთ, რომ სასამართლო მაქსიმალურად მობილიზებული და მოტივირებულია იმისთვის, რომ პროცესი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს, თუმცა, ამაში ხელი უნდა შემიწყოთ მხარეებმაც. გასაგებია, რომ სასამართლო პროცესი არის კონსტრუქტების მართვის პროცესი, მაგრამ ეს უნდა იყოს იმგვარად, რომ არ იყოს ზღვარი დარღვეული, გამიჭირდეს მოწოდების გარეშე თქვენი დაწყნარება და იძულებული გავხდე რაღაც საპროცესო ზომები გამოვიყენო. ამისთვის მე მონდომებული და მოწოდებული არ ვარ,“- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.