არასრულწლოვანზე 3 წლის განმავლობაში მისი თანასოფლელი, 40 წლამდე მამაკაცი ძალადობდა. 15 წლის ბიჭის მძიმე ისტორია დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა სკოლის მასწავლებელი.
"კურიერის" მიერ მოპოვებულ საქმის მასალებში, მსხვერპლი შემზარავ ფაქტებს ყვება - ჩვენებით ირკვევა, რომ სიკვდილით მუქარის, ცემისა და მრავალგზის გაუპატიურების შემდეგ, მოძალადემ მსხვერპლს ექსპლუატაციის შესახებ ინფორმაცია, სოფელში თავადვე გაუვრცელა. ამბავი სკოლაში, სკოლიდან კი საგამოძიებო ორგანოში მივიდა.
"კურიერთან" მოზარდის დედა ირწმუნება, რომ შემზარავი ფაქტების შესახებ პირველად სკოლის პედაგოგისგან შეიტყო და სამი წლის განმავლობაში არაფერი შეუმჩნევია. "კურიერის" მიერ მოპოვებული საქმის მასალების მიხედვით კი, ბავშვზე ძალადობის შესახებ ცნობილი იყო მამისთვის, რომელიც ინფორმაციას მალავდა.
მოზარდის დედა არ ადასტურებს, თუმცა ის, რომ მამისთვის შემზარავი ფაქტის შესახებ სავარაუდოდ ცნობილი იყო, სკოლის პედაგოგების მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებებიც მოწმობს.
შემზარავ დანაშაულზე სკოლის პედაგოგმა იმ გაკვეთილზე შეიტყო, სადაც ის ბავშვებს ჩაგვრაზე, დაშინებასა და ძალადობაზე მოუთხრობდა. რეაგირება მყისიერი იყო. ახლა პედაგოგებიც და თანაკლასელებიც ძალადობის მსხვერპლ მოზარდს, რეაბილიტაციაში ეხმარებიან.
პედოფილიაში მხილებული მამაკაცის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობს. ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
შემზარავი დანაშაულის საქმის განხილვა სასამართლოში დახურულ რეჟიმში გრძელდება. არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს უახლოეს სხდომაზე იგეგმება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე პატიმრობა ელოდება.