ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პირველი დღე ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებთან შეაჯამა. საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა რომ პროცესი იყო საკმაოდ რთული, უსაფრთხოების საკითხების ჯგუფში კი გამოთქმული იყო ხისტი პოზიციები. მისი შეფასებით რუსული სამხედრო წვრთნების და საქართველოში ჩატარებული პარტნიორების სამხედრო წვრთნების ერთ ჭრილში დაყენება, ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის რეალური პრობლემებიდან.
"საკმაოდ რთული მოლაპარაკებათა პროცესი იყო, ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც 6 პუნქტიან შეთანხმებასთან მიმართებაში არანაირი სურვილი და მოტივაცია არ ჩანს რუსული მხრიდან რომ წავიწიოთ წინ. უფრო მეტიც, ხისტი ზეწოლის განხორციელების მცდელობაც კი არის, რომ საერთოდ, ეს საკითხები გადავიდეს მეორე პლანზე და სხვა საკითხებზე იყოს მსჯელობა და არაჟენევის თემები იყოს შემოტანილი ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში. რასაც ქართული მხარე ეწინააღმდეგება," - ამბობს ლაშა დარსალია.